„ბი ბი სი“ – შეიცვლება თუ არა გერმანიაში პოლიტიკური სიტუაცია ბერლინის ტერაქტის შემდეგ?

როგორ შეიცვლება გერმანიაში პოლიტიკური სიტუაცია ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ? როგორ იმოქმედებს ეს პარტიების რეიტინგზე 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? „ბი ბი სი“ ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც სტატიის ავტორები წერენ, ეს ფაქტი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ისევე როგორც მისმა ოპონენტებმა – იმიგრაციის მოწინააღმდეგეებმა შეიძლება გამოიყენონ.
პარტიამ „გერმანიის ალტერნატივა“, რომელმაც ბოლო დროს ხმები ანტიიმიგრაციული ლოზუნგებით მოიპოვა, უკვე გააკრიტიკა მერკელი და მისი „ღია კარის პოლიტიკა“.
„ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის საზარელი ფაქტი, რაც ხელისუფლების გერმანიაზე კონტროლის დაკარგვის გამო მოხდა. ანგელა მერკელის პოზიცია ლტოლვილებთან დაკავშირებით ძალზე სახიფათოა. სახელმწიფო, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში, საკუთარ საზღვრებს ვერ იცავს, ქმედუუნარო სახელმწიფოა“, – განაცხადა „გერმანიის ალტერნატივის“ ვიცე-თავმჯდომარემ, ალექსანდერ გაულანდმა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მემარჯვენე ძალები ბუნებრივია, ამ ფაქტს მერკელის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
„გერმანიის ალტერნატივის რეიტინგი ეცემა. ის კვირაში ერთ პროცენტს კარგავს. ამიტომ, ისინი ყველა მეთოდს იყენებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანური ტრაგედია მათ დაეხმაროთ”, – აცხადებს ექსპერტი და ჟურნალისტი ბორის ფელდმანი.
მიგრაციული პოლიტიკის გადახედვის მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოვიდა ბავარიის პრემიერ-მინისტრი და ბავარიის “ქრისტიანულ-სოციალისტური” პარტიის ხელმძღვანელი ჰორსტ ზეეჰოფერი. ეს პარტია ანგელა მერკელის “ქრისტიანულ-დემოკრატიული” კავშირის პარტნიორი ორგანიზაციაა.
მიგრაციული პოლიტიკის შეცვლაზე გერმანიის მთავრობა ჯერჯერობით არ საუბრობს. ამჟამად დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც ქუჩებში ვიდეოკამერების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. გაძლიერდება ასევე უსაფრთხოების ზომები და პოლიციური ქვედანაყოფები.
რაც შეეხება მიგრაციული პოლიტიკის შესაძლო შეცვლას, აქამდე ეს მთავრობას არ შეეძლო ისე, რომ “სახე არ დაეკარგა“. ის თავად ეპატიჟებოდა მიგრანტებს და ლტოლვილებს და ამით დახმარებას ჰპირდებოდა. ახლა კი მოულოდნელად, თანაც არჩევნების წინ, პოლიტიკის შეცვლა შეუძლებელია.
მერკელმა ორი საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან ქვეყნის ყველა ბაზრობა გახსნა და არ გააუქმა ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან შოუ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მერკელი, ევროპის სხვა ლიდერებთან შედარებით, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულია. ასე, მაგალითად, შარშან საფრანგეთის ლიდერმა, ფრანსუა ოლანდმა ლიონში ზეიმი გააუქმა და 5 მილიონი ადამიანი ზეიმის გარეშე დატოვა. ექსპერტებმა მაშინ ოლანდის ეს გადაწყვეტილება ოლანდის დამარცხებად და ტერორისტების გამარჯვებად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები