მოსამართლემ გიგა ოთხოზორიას საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ოთხი მოწმე დაკითხა. პროცესზე, მოწმის სახით ორი ექსპერტი დისტანციური წესით – „სკაიპის“ საშუალებით დაკითხეს, ორი კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი და გალის მცხოვრები – ადგილზე. ამ დროს პროცესი დაიხურა.
სუს-ის თანამშრომლის განმარტებით, ამოღებულ ვიდეომასალაში ასახულია, როგორ ჩამოდის ავტომობილიდან გიგა ოთხოზორია ქალისა და მამაკაცის თანხლებით, გადადის ხიდის მეორე მხარეს და ცოტა ხნით კამერის სათვალთვალო პერიმეტრიდან იკარგება. მოგვიანებით კი მასთან ერთად მანქანით მისული მამაკაცი და ქალი მიემართებიან ასევე ხიდის მეორე მხარეს. უკან მობრუნებისას მათ მოჰყვება რამდენიმე სამხედრო პირი, რომელთაგან ერთ-ერთი უახლოვდება გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის. მოწმის განმარტებით, ამ ფაქტის შემდეგ სამხედრო პირები ისევ უკან დაბრუნდნენ. მასალაში ჩანს მხოლოდ გამოსახულება და არ ისმის ხმა.
ადვოკატ მთვარისა ბიგვავას შეკითხვა, თუ რამდენი გასროლა განხორციელდა, უპასუხოდ დარჩა. ოთხოზორიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნა.
გიგა ოთხოზორია მიმდინარე წლის 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით მოკლეს.