სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი 10 წლის შემდეგ – 2006 წელს დეპორტირებული ქართველების სასარგებლოდ რუსეთს ფულადი კომპენსაცია დაეკისრა
სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების ინდივიდუალურ სარჩელებზე ვერდიქტი დღეს გამოიტანა.
ათწლიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლომ 21 ეპიზოდზე გადაწყვეტილება მიიღო. ორ ეპიზოდზე მოსკოვს ფულადი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ არაადამიანური მოპყრობისა და მძიმე გზის გამო, ერთ-ერთი დაზარალებულის ლია შიოშვილის სასარგებლოდ, რომელსაც მაშინ 3 შვილი ჰყავდა და 9 თვის ფეხმძიმე იყო, რუსეთს რამდენიმე ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთს 40 ათასი ევროს გადახდა დეპორტაციის დროს გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის მეუღლისთვის მოუწევს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასმართლომ სხვა დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით კომპენსაციის ოდენობა არ განსაზღვრა. თუმცა, დადგინდა, რომ მათ დევნიდნენ, არაადამიანურად და ღირსების შემლახავად ექცეოდნენ.
დაზარალებულ ლია შიოშვილსა და საქართველოს კიდევ 11 მოქალაქეს არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი დაეხმარა. მათ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი და მტკიცებულებები დადგენილ ვადაში – 6 თვეში წარადგინეს.
ინდივიდუალურ საქმეებზე ვერდიქტის გამოტანას წინ უძღოდა საქართველო-რუსეთს შორის სახელმწიფოებრივი დავის დასრულება. სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში რუსეთი დამნაშავედ სცნო, თუმცა, 4600 დაზარალებულისთვის კომპენსაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ქართველების მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან 2006 წელს მოხდა.