სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შ.პ.ს. ,,მედეა“-ს, შ.პ.ს. ,,ნიკა“-ს, შ.პ.ს. ,,მარი“-ს, შ.პ.ს. ,,საბა 11“-ს და შ.პ.ს. ,,ევროლუქსი“-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ზემოაღნიშნული კომპანიების სახელით, საქართველოში განახორციელა 32 263 347 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია, რა დროსაც ხელოვნურად დამალა იმპორტირებული საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტები და ბუღალტრულად ბიუჯეტის წინაშე აჩვენა, თითქოს იმპორტირებული საქონელი სრულად არ ჰქონდა რეალიზებული და ნაშთად ერიცხებოდა.
ამგვარი სქემით, ბრალდებულმა ზემოაღნიშნულ კომპანიებზე ხელოვნურად დაიგროვა ზედმეტობა 1 090 741 ლარის ოდენობით დამატებითი ღირებულების გადასახადში და აღნიშნული არამართლზომიერად წარმოშობილი ზედმეტობის თანხებით, განახორციელა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების ფიქტიური გადახდა, რითაც მოტყუებით, 1 090 741 ლარის ოდენობით, ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.
ასევე, ბრალდებულმა აღნიშნული საქმიანობით მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლებს მისცა კანონიერი სახე, კერძოდ, შეიძინა და ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა უძრავ-მოძრავი ქონება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 194-ე მუხლებთ, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები