ჟურნალისტს, რომელიც აცხადებს რომ პოლიციელმა სცემა, ექსპერტიზას ხვალ დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაუტარებს

ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტს გიორგი გასვიანს ხვალ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, – ამის შესახებ „კვირას“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, შპს “რეალექსპერტი”ს დირექტორმა მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ექპერტიზა უკვე ჩანიშნულია და მას თავად განახორციელებს.
„ ექსპერტიზა უკვე დანიშნულია, ხვალ ნაშუადღევს ჩატარდება. ასეთ ვითარებაში, უმჯობესია შემთხვევიდან ორი-სამი დღე მაინც იყოს გასული, რადგან სხეულზე სისხლნაჟღენთები უფრო მკვეთრად გამოჩნდეს“ – განუცხადა „კვირას“ მაია ნიკოლეიშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საქმე გამოსაძიებლად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა და ძალადობის დანაშაულის კვალიფიკაციას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაც დაემატა.
”19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი გასვიანს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები