ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის საქმეს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურა გამოიძიებს

მთავარი პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე გამოსაძიებლად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა და ძალადობის დანაშაულის კვალიფიკაციას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაც დაემატა.
”19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები