შსს საჯარო სკოლებში პროექტს „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ახორციელებს

შინაგან საქმეთა მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრო.
გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და შსს-ს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ.
პროექტი – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 42 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის წარმომადგენლები ატარებენ.
გაკვეთილზე სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო. სახელმძღვანელოში მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი.
„დასავლური ღირებულებების სახელმწიფოს მშენებლობა ამ პატარა ადამიანებიდან, მათი დამოკიდებულებიდან და გადაწყვეტილებიდან იწყება. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგად გაიაზრონ უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და კანონისადმი პატივისცემის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით, შსს ინტენსიურად მუშაობს და რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის, უახლესია – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, რომლის ფარგლებში შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა.
მინდა, მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში შეტანილი წვლილისთვის და, რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს, რომლებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილში. მე ამ პატარების დიდი იმედი მაქვს,“ – აღნიშნა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, 10 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს კრიზისულ ვითარებაში – მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებს და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან.
სასწავლო პროგრამის მიზანია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები