ალეპოს აღმოსავლეთ რაიონში, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა, ბაშარ ასადის ძალებმა ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები იუწყებიან. გამოცემა Aleppo24 ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სულ მცირე ერთი შემთხვევა მაინც იყო, როდესაც მათ რამდენიმე ბავშვი ცოცხლად დაწვეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა – ქალები და ბავშვები, რომლებიც მის დატოვებას ვერ ახერხებენ. პარალელურად, სირიელი ამბოხებულების მიერ დაკავებულ რაიონებს რუსული და სირიის სამთავრობო ძალების ავიაცია რეგულარულად ბომბავს.
ამჟამად რაიონებში, რომელსაც ჯერ კიდევ ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ, 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ისინი მედიით და სოციალური ქსელებით ცდილობენ მოუწოდონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ თუ მათ სასწრაფოდ არ უშველეს, შეიძლება ყველანი დახოცონ.