„კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი წინასწარ პატიმრობაში 2017 წლის 15 მარტამდე დატოვეს

მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ „კანონიერი ქურდის“, შაქრო კალაშოვის, მეტსახელად „შაქრო მალადოის“ წინასწარი პატიმრობის ვადა 2017 წლის 15 მარტამდე გააგრძელა.
მასთან ერთად, პატიმრობის ვადა კიდევ 4 პირს გაუგრძელდა. ისინი მოსკოვის რესტორნის, “Еlements”–ის ერთ–ერთი მეპატრონისგან, ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუსული რუბლის გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ რადიო “Business FM”–ს კალაშოვის ადვოკატმა, ალექსანდრე გოფშტეინმა აცნობა.
მისი ინფორმაციით, დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის საკანში კალაშოვის დატოვების წინააღმდეგი იყო და სასამართლოს დაკავების “ალტერნატიულ ვარიანტებს“ სთავაზობდა.
„ჩვენი აზრით, სასამართლომ არ დაასაბუთა კალაშოვის კავშირი კრიმინალურ ქმედებებთან და მის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის საფუძველი არ არსებობდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, რესტორან “Elеments”–თან 2015 წლის დეკემბერში მომხდარ გარჩევებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამ ფაქტმა კორუფციული სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან საქმეში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამი თანამდებობის პირი დენის ნიკანდროვი, მიხეილ მაქსიმენკო და ალექსანდრე ლამონოვი ფიგურირებენ. მათ ბიზნესმენებისგან ქრთამის აღება ბრალდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები