სასამართლომ ძებნილ სერგო ქავთარაძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა

„ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ თანხების გაფლანგვის ფაქტზე, ამჟამად ძებნაში მყოფ ბრალდებულ სერგო ქავთარაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სერგო ქავთარაძეს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ, საბოლოოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის ვადით.
საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია 2010 წლის აპრილისა და მაისის თვეებში არამიზნობრივად, ფონდის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჯამში 5129,45 ლარის გახარჯვის ფაქტი.
კერძოდ, ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარის, სერგო ქ.-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღამის „კლუბ დივაში“ გართობისათვის, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები