“პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რათა თარგამაძის ავტომობილის საქმეში მონაწილეთა ბრალეულობა დამტკიცდეს”

პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რათა თარგამაძის ავტომობილის საქმეში მონაწილეთა ბრალეულობა დამტკიცდეს“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას გოგაძემ განუმარტა, საქმე გამოძიების პროცესშია და ამიტომ ის დამატებით დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
„მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რათა დავამტკიცოთ მათი ბრალეულობა. გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით გამოძიების დეტალებს. შესაბამისად, გამოძიების პროცესში თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მედიისთვის ცნობილი გახდება“, – აღნიშნა გოგაძემ.
შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს. მანქანაში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო 5 შემთხვევითი გამვლელი საავადმყოფოში აღმოჩნდა.
მომხდარიდან მალევე, შსს-მ დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა დაადგინა. იგი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დათო ხეჩუაშვილია.
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.
კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები