გივი თარგამაძემ თბილისის პროკურატურის შენობა დატოვა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერმა გივი თარგამაძემ თბილისის პროკურატურა დატოვა.
როგორც გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალების ნაწილს გაეცნო, თუმცა მისთვის ახალი არაფერი ყოფილა.
გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმეზე ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ისევ ითხოვს.
“გავეცანით საქმის ნაწილს. კიდევ მოგვიწევს მოსვლა, მაგრამ ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ახალი არაფერი გამიგია. დაგვრჩა მთავარი კითხვა, რატომ არ აძლევენ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაციას, როცა ხალხმრავალ ადგილას მოხდა და ისეთი ტიპის ასაფეთქებლით, რომელიც მიზნად ისახავდა ბევრი ხალხის დაზიანებას. გაუხსნელი მკვლელობები აქვს ამ ხელისუფლებას, გაუხსნელი ტერაქტი ჯერ არ ჰქონია და ამიტომაც ერიდებიან ამ კვალიფიკაციის მიცემას”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ისევ უცნობი რჩება, რა მოტივი ჰქონდა გამოძიების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირის მიერ მისი ლიკვიდაციის მცდელობას.
“მეორე საკითხი მოტივს ეხება – ამ ადამიანს არ ჰქონდა არანაირი მოტივი, მოტივის გარეშე კი დანაშაულის გახსნილად გამოცხადება თავისთავად აბსურდია. წინასაარჩევნოდ, უცებ მოუნდა ამ ადამიანს ჩემი მოკვლა. თავად გამოძიების მასალებიდან დასტურდება, რომ დამნაშავე არ ყოფილა მარტო. სხვა პირი თუ პირები ჯერაც არ არის დადგენილი. არანაირი მინიშნება არ არის დავით ხეჩუაშვილს მართლა აქვს საქართველოს ტერიტორია დატოვებული თუ არა. ეს კითხვა კიდევ უნდა გავიმეორო, რაზე დაყრდნობით განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ მან დატოვა საქართველო. ძირითადი კითხვები დარჩა კითხვებად, თუმცა ჩვენ ბოლომდე გავეცნობით საქმის მასალებს”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ.
თარგამაძე ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის 4 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე ააფეთქეს. 2016 წლის 17 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს და ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.