„ახმეტელის თეატრში“ სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

 16 დეკემბერს, 15:00 საათზე, ახმეტელის თეატრში „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ სისხლის უანგარო დონაციის აქციას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აქცია  რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა: ავტოავარია, მშობიარობა, ონკოლოგიური დაავადებები, კარდიოქირურგიული ოპერაციები და სხვა – გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს პაციენტისთვის სისხლის გადასხმა. ავადმყოფს, პრაქტიკულად ყოველდღიურად სჭირდება ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. თუმცა, ახალი სისხლი მუდმივად დეფიციტურია, რადგან დონორთა შეზღუდული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნებს. ეს დიდ საფრთხეს უქმნის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ სხვადასხვა დაწესებულებაში რეგულარულად მართავს მსგავსი ტიპის აქციებს, რითაც ეხმარება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უამრავ პაციენტს.
აღსანიშნავია, რომ უანგარო დონორს სრულიად უფასოდ ჩაუტარდება ძვირად ღირებული ანალიზები. ასევე, დონორი, რომელიც ორჯერ გაიღებს სისხლს უანგაროდ, კომპანიისგან საჩუქრად იღებს სისხლის და სისხლის კომპონენტების დაზღვევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები