გივი თარგამაძე პროკურატურაში მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად ცნო და საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.
“როგორც იქნა, მცნეს დაზარალებულად. ამის შემდეგ ჯიუტად ამბობდნენ უარს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე ანუ საქმის მასალების ჩვენთვის გაცნობაზე. დღეს დილით შეცვალეს პოზიცია და გადაწყვიტეს, რომ საქმის მასალები გაგვაცნონ. შესაბამისად, მაქვს იმედი, რომ დღეს მივიღებ პასუხებს კითხვებზე, რომელიც მაქვს, ვინაიდან ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მე მაქვს მხოლოდ კითხვები და არც ერთი პასუხი. ვნახოთ, რას მოიტანს საქმის მასალების გაცნობა. კითხვები ძალიან ბევრია, მათ შორის ის, თუ რაზე დაყრდნობით მოახდინეს დამნაშავის იდენტიფიცირება, ამის საბუთები არ წარმოუდგენიათ”, – განაცხადა გივი თარგამაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიებამ ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გივი თარგამაძე დაზარალებულად ცნო.
„როგორც ცნობილია, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გივი თარგამაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი. დღეს, 14 დეკემბერს გივი თარგამაძეს პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა,“ – აცხადებენ პროკურატურაში.შეგახსენებთ, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის 4 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე ააფეთქეს. 2016 წლის 17 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს და ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები