სერგო რატიანი: ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა

”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი მხოლოდ დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.
”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100 000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ: მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს.
ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის, ჩემდა სამწუხაროდ, გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მით უმეტეს თანამებრძოლების და მით უმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ 20 კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ, გაუშვა სამსახურიდან ორმოცი. მე ”ნაციონალურ მოძრაობაში” 2012 წელს მოვედი და ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა, მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – აცხადებს სერგო რატიანი.
ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამსახურიდან ის ადამიანები დაითხოვეს, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას, მათ შორის- კობა ხაბაზი და გოგა ონიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები