დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ იმ სიკეთით, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების უფლება

„იმედი მაქვს, რომ ეს პროცედურები ძალიან მალე დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ იმ სიკეთით, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების უფლება“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განუცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული მხარე საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ ტრიალოგის ფორმატში შეთანხმებას მიესალმება. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფინალურ ფაზაში ვიმყოფებით და ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ტრიალოგის პირველივე შეხვედრაზე მოხდა საქართველოსთან შეთანხმების მიღწევა, რაც არის უაღრესად მისასალმებელი ფაქტი. იმედი მაქვს, რომ პროცედურებიც უკვე სწრაფად განვითარდება.
იმედია, რომ ევროპარლამენტი უახლოეს სხდომაზე უყრის კენჭს და დაამტკიცებს. ამის შემდეგ უკვე ფორმალურად მოხდება ევროპის საბჭოს მინისტრების მხრიდან მისი დამტკიცება და ამის შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხელს მოაწერენ ამ შესწორებას და ის გამოქვეყნდება ჟურნალში. რაც შეეხება ძალაში შესვლას, შევა იმ დღესვე, როდესაც ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი. იმედი მაქვს, რომ ეს პროცედურები ძალიან მალე დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ იმ სიკეთით, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არამარტო თავისუფალი გადაადგილებაა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან და საერთოდ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იქნება შეუქცევადი”,- განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები