ბიძაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული რამაზ პატარაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს, საღამოს საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, რამაზ პატარაიას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ბიძაშვილთან თემურ ჭეჟიასთან, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით, თემურ ჭეჟიას დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა
რამაზ პატარაიამ ასევე დანით მარცხენა მხარის არეში მიაყენა დაზიანება ბიძას დემურ ჭეჟიას, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად თემურ ჭეჟია საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რამაზ პატარაია 2016 წლის 1 სექტემბერს ზუგდიდის რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამაზ პატარაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს რამაზ პატარაიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა. 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნული სასჯელიდან ერთი წელი მიემატა 108 მუხლით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ რამაზ პატარაიას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები