თიკა ფაცაციას ბიძაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვან თიკა ფაცაციას ბიძაშვილის, მიხეილ ცხაკაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად“ გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ ბექა დ.-ს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისათვის სასამართლომ ბექა დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმე ეხება, 2016 წლის 1 ივლისს, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც შურისძიების მიზნით და მოკვლის განზრახვით ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის მეგობარს, თან ნაქონი, მის მიერ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მ.ც.-ს თავის არეში ორჯერ ესროლა, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ბექა დ.-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, შენახვა და ტარება.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
საქმეში არსებული და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ სრულად სცნო დამნაშავედ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები