პროკურორი: ჯამალაშვილისა და ფხალაძის გათავისუფლება არანაირად არ არის დაკავშირებული მტკიცებულებების არასაკმარისობასთან

ბრალდებულების ჯამალაშვილისა და ფხალაძის გათავისუფლება არანაირად არ არის დაკავშირებული მტკიცებულებების არასაკმარისობასთან, – ამის შესახებ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულებს ცხრათვიანი ვადა ამოეწურათ და სასამართლო უბრალოდ ვალდებული იყო, რომ ისინი გაეთავისუფლებინა. პროკურორის მტკიცებით, საქმის მოცულობიდან და მტკიცებულებების სიმრავლიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა საქმის სასამართლო განხილვების 9-თვიან ვადაში დასრულება.
”საქმის არსებითი განხილვის დაწყების დღიდან არც ერთი სხდომა არ ჩავარდნილა, ყველა სხდომაზე გამოკვლეული იყო მტკიცებულებები და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება გავაკეთოთ დასკვნები. დარწმუნებული ვარ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია გაზიარებული იქნება და სახელმწიფო ბრალდება დაადასტურებს წარდგენილ ბრალს”, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები