ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილს შენობის დაბრუნებას სთხოვს

ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს შენობის დაბრუნებას სთხოვს. ამის შესახებ ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია მოითხოვს, რომ მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაუბრუნონ ფედერაციას შენობა, რომელიც მათ მიერ ამჟამად არის დაკავებული და ამ მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. ამ მოთხოვნის და დავის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოებები: 2008 წელს, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის – ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ვანო ჩხარტიშვილმა ბიზნესმენთა ფედერაციას შესთავაზა ფედერაციის კუთვნილი შენობის დანგრევა და ახლის აშენება, შესაბამისი ფართის გადაცემის პირობით ახალ შენობაში.
2016 წლის დასაწყისში, როდესაც ფედერაციის ახალმა მმართველობამ მოითხოვა ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისაგან ხელშეკრულების პირობების შესრულება აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების დადებიდან 8 წლის შემდეგ ვანო ჩხარტიშვილი არა თუ არ აპირებს სახელშეკრულებო პირობის შესრულებას, არამედ ხანდაზმულობის ვადაზე აპელირებით, უარს ამბობს შენობის უკან დაბრუნებაზეც. ზემოთქმულიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ხელშეკრულების დადებიდან 8 წლის შემდეგაც ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელი დარჩა, ფედერაცია გამოდის ხელშეკრულებიდან და ითხოვს შენობის უკან დაბრუნებას, სადაც ვანო ჩხარტიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები მთელი ეს პერიოდი იმყოფებიან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლო დავის პერიოდში ვანო ჩხარტიშვილი აპირებს შენობის გასხვისებას. ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვითხოვთ ფედერაციის საკუთრების უფლების აღდგენას ზემოთხსენებულ შენობაზე, რომელიც მდებარეობს თბილისში, გერგეთის ქ.3-ში და აქედან გამომდინარე: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, განსაკუთრებით ბატონ ალექსანდრე მაშკევიჩს, რომლის ოფისიც ამჟამად იმყოფება ფედერაციის შენობაში, არ შეიძინონ ეს შენობა სასამართლო დავის დასრულებამდე”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები