ორმხრივი სროლა ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე – დაჭრილია ერთი ბრაკონიერი

თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე, ორმხრივი სროლის შედეგად, ბრაკონიერი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ლაშა მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, რეინჯერებმა უკანონო ნადირობის დროს 3 პირის შეჩერება სცადეს, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მათ ცეცხლი გახსნეს, რასაც რეინჯერების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ორმა მიმალვა შეძლო, ერთი კი დაიჭრა. ის უკვე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ.
„არ დაემორჩილნენ ბრძანებას, რომ შეჩერებულიყვნენ. გაიქცნენ და რეინჯერები დაედევნენ. დადევნების პროცესში ბრაკონიერებმა რეინჯერების მისამართით გაისროლეს, საპასუხო სროლის დროს კი ერთ-ერთი ბრაკონიერი მსუბუქად დაიჭრა. მას სამედიცინო დახმარება მალევე გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რეინჯერები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და მათ ჰქონდათ თავის დაცვის უფლება“, – განაცხადა ლაშა მოისწრაფიშვილმა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ნადირობას, ხოლო პროკურატურა დაჭრის ფაქტს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები