გიორგი აბდალაძე დავით დევნოზაშვილს სიმართლის თქმას ურჩევს

„დავით დევნოზაშვილი პოლკოვნიკი ადამიანია, მას აქვს არჩევანი – თქვას სიმართლე“, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
აბდალაძე ამბობს, რომ დავით დევნოზაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მათთან გლდანის მე-8 საპყრობილეში არავითარი შეხება არ ჰქონია.
„მე მას ვურჩევ, რომ სიმართლე ილაპარაკოს. მით უმეტეს, პოლკოვნიკი ადამიანია, მას აქვს არჩევანი – თქვას სიმართლე, არავინ არაფერს არ დააძალებს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გია აბდალაძემ.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
დევნოზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, დაცვის მხარე კი მისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ალექსანდრე მუხაძეს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურორებმა შუამდგომლობა არ დააყენეს.
როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, მუხაძეს სხვა საქმეზე უკვე დადებული აქვს მსჯავრი და შესაბამისად, მასზე აღკვეთის ღონისძიება არ იქნება მოთხოვნილი.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 6 დეკემბერს გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები