გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველოს პრეზიდენტი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ის თემები განიხილეს, რომლებიც საქართველოში კიდევ უფრო გაზრდის დემოკრატიის ხარისხს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებული პრობლემებიც წამოჭრეს, მათი გადაწყვეტის გზებზეც იმსჯელეს და ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გაამახვილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საარჩევნო თემატიკას, თვითმმართველობის კანონს, მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას, უკრაინის მოვლენებსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების აზრიც იყოს გათვალისწინებული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს ამ ინიციატივისა და კონტრუქციული შეხვედრისთვის. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, „სამართლიანი არჩევნების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები