ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდების მხარე დევნოზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ალექსანდრე მუხაძეს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურორებმა შუამდგომლობა არ დააყენეს.
როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, მუხაძეს სხვა საქმეზე უკვე დადებული აქვს მსჯავრი და შესაბამისად, მასზე აღკვეთის ღონისძიება არ იქნება მოთხოვნილი.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 6 დეკემბერს გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები