დავით დევნოზაშვილის ადვოკატები 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მის გათავისუფლებას ითხოვენ

შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით დევნოზაშვილის ადვოკატები 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, რაულ გამისონიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დავით დევნოზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება.
ადვოკატის განმარტებით, არ არსებობს არავითარი საფრთხე იმისა, რომ დევნოზაშვილი მიიმალოს ან ზემოქმედება მოახდინოს დაზარალებულებსა თუ მოწმეებზე.
„აღნიშნული საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დევნოზაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და ცხადდებოდა, დაბარების შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებაში. დავით დევნოზაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამოცნობის პროცესშიც, იცოდა, რომ შესაძლოა, მისი დევნა დაწყებულიყო და ამის მიუხედავად, არ სცადა მიმალვა“, – განაცხადა რაულ გამისონიამ.
რაც შეეხება ფოტოგრაფებისთვის ტელეფონების გადაცემას, როგორც დევნოზაშვილის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, ამ ფაქტს ბრალდებული არ უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ფოტორეპორტიორებისთვის წაყენებული ჯაშუშობის ბრალიდან გამომდინარე, ის სამსახურებრივად ვალდებული იყო, მათთან ჰქონოდა მუდმივი კავშირი და დევნოზაშვილის მხრიდან არავითარ ზეწოლასა თუ მუქარას ადგილი არ ჰქონია.
თავის მხრივ, პროკურატურა დევნოზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები