ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს დავით დევნოზაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დევნოზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე დავით დევნოზაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, ამავე საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. როგორც პროკურორმა განაცხადა, დავით დევნოზაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ციხის მძიმე პირობების და ფოტოგრაფების ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით, დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. გამოძიების ინფორმაციით, ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით, სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, პროკურატურა ფოტორეპორტიორების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები