სპეციალური ოპერაციების ძალებში ქართულ-ამერიკული ორთვიანი სწავლება დასრულდა

ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს ორი თვის განმავლობაში საველე და თეორიული კურსი ჩაუტარეს. ქართველ კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულების შემდეგ სერთიფიკატები გადაეცათ, სანაცვლოდ კი ამერიკელი ინსტრუქტორები სიმბოლური საჩუქრებით, ქართული ხანჯლებით დაჯილდოვდნენ -ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიმართეს.
საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩს კარაბინის ტიპის შაშხანა უსახსოვრა. წვრთნების წარმატებით დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ მიულოცეს.
„სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება მომავალ წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. დღეს დავასრულეთ მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება მომავალ წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. გუშინ ხელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი მიმართულება, სწორედ, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაა. ასე, რომ, მომავალშიც იგეგმება მსგავსი წვრთნების უფრო ინტენსიური ფორმით ჩატარება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ელჩმა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისგან ნდობას იმსახურებს და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ერთობლივი სწავლებები ქვეყნებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს, რაც რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. „ეს ღონისძიება მორიგი მაგალითია, თუ როგორ ღრმავდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა, რომლებიც ერთად უმკლავდებიან გამოწვევებს და ავითარებენ თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი, მსგავსი სახის კიდევ უფრო მეტ ღონისძიებაში მონაწილეობას“, – განაცხადა იან კელიმ.
გენერალური შტაბის უფროსმა კი, სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაზე, რაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სწავლებების ეფექტურად ჩატარებისთვის და სამხედროებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით:
„სწავლებები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარება. ამ მიმართულებით დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალი კადრების შემოდინების თვალსაზრისით,“-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები