ირაკლი გედენიძე: პირად არქივში ჩემი მეუღლის ფოტო იპოვეს და დაიწყეს შანტაჟი, რომ სოციალურ მედიაში გავრცელდებოდა

“ჩემს პირად არქივში ჩემი მეუღლის ფოტო იპოვეს და დაიწყეს შანტაჟი, რომ სოციალურ მედიაში გავრცელდებოდა“, – ამის შესახებ წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ მთავარ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გედენიძე აცხადებს, იმ პერიოდში ერთ-ერთ გამოცემაში „ნიუ” სტილში გადაღებული მოდელების ფოტოებს აქვეყნებდა. სწორედ ამ სტილის ფოტო გადაუღო მეუღლეს, რომელსაც პირად არქივში ინახავდა.
„ფოტო გადაღებული იყო ჩემ მიერ, სახლში მოწყობილ მინი სტუდიაში. იმ პერიოდში ჩემი ფოტოები იბეჭდებოდა გაზეთ „პრაიმტაიმში“. „ნიუ“ სტილში ვიღებდი მოდელებს, მათ შორის იყო ჩემი მეუღლის ფოტოებიც, რომელიც მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით, შენახული იყო ჩემს პირად არქივში. ეს ფოტო იპოვეს, ამოიღეს და დაიწყეს შანტაჟი, რომ ეს გავრცელდებოდა სოციალურ მედიაში“, – განაცხადა გედენიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა.
პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, ამავე საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. როგორც პროკურორმა განაცხადა, დავით დევნოზაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ციხის მძიმე პირობების და ფოტოგრაფების ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით, დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. გამოძიების ინფორმაციით, ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით, სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
ამასთან, პროკურატურა ფოტორეპორტიორების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები