გიორგი აბდალაძე: იმედი მაქვს, რომ დამკვეთებამდე აუცილებლად მივა საქმე

გამოძიება მიმდინარეობს და იმედი მაქვს, დამკვეთებამდე აუცილებლად მივა საქმე – ამის შესახებ ყოფილი ხელისუფლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ განაცხადა.
აბდალაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო მათ მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ჩვენ უდანაშაულობას დაამტკიცებს. რაც შეეხება იმ ზეწოლებს, რაც ხდებოდა საპატიმროში, ერთ-ერთი პირი – დევნოზაშვილი დაპატიმრებულია, გამოძიება მიმდინარეობს და მე იმედი მაქვს, რომ დამკვეთებამდე აუცილებლად მივა საქმე“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, ამავე საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. როგორც პროკურორმა განაცხადა, დავით დევნოზაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ციხის მძიმე პირობების და ფოტოგრაფების ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით, დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. გამოძიების ინფორმაციით, ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით, სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
ამასთან, პროკურატურა ფოტორეპორტიორების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები