ყველაფერი ბიტკოინის შესახებ – ინტერვიუ პროგრამულ ინჟინერ ავთანდილ კიკაბიძესთან
კრიპტოგრაფიული ვალუტის – ბიტკოინის შესახებ დღეს ხშირად საუბრობენ. დაობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზეც. საზოგადოების ერთი ნაწილი მას უსაფრთხო ვალუტად მიიჩნევს მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან ფულის ამ ერთეულის მოხმარებისას ადამიანი არასდროს არის დაცული. მართალია, წინა სტატიაში ჩვენ უკვე გიამბეთ ბიტკოინის შესახებ http://cyber.kvira.ge/15803/, თუმცა დღეს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ. „კიბერ კვირა“ კორპორაციული კომუნიკაციის პლატფორმა Prezly-ის პროგრამულ ინჟინერ ავთანდილ კიკაბიძეს ესაუბრა:
–რისთვის შეიძლება, გამოიყენო ბიტკოინი?
-ბიტკოინით, მსგავსად ტრადიციული ვალუტებისა (დოლარი, ევრო და ა.შ.), შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის ელექტრონულად შესყიდვა, თუმცა, ჩვეულებრივი ვალუტებისგან განსხვავებით, ბიტკოინი დეცენტრალიზებით გამოირჩევა. ბიტკოინის ქსელის გაკონტროლება არც ერთ ინსტიტუციას არ შეუძლია. აღნიშნული მახასიათებელი ბიტკოინის მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ტრანზაქციების განხორციელების პროცესს, რადგან მას ბანკებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელს ხდის.
–როგორია ბიტკოინების მოხმარებისმექანიზმი? როგორ უნდა გამოიმუშავო დაშემდეგ როგორ უნდა დახარჯო?
-ბიტკოინი ამ კუთხითაც ძალიან განსხვავდება ტრადიციული ვალუტებისგან. ეს არ არის ვალუტა, რომელიც ცენტრალური ბანკების მიერ იბეჭდება, რომლებსაც, რიგ შემთხვევაში, შეუძლიათ, ისარგებლონ არსებული ბერკეტებით, მართონ ვალუტის კურსი და ა.შ.
ბიტკოინი იწარმოება ციფრულად, იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, შეუერთდეს. წარმოების პროცესს მაინინგი ეწოდება და იგი, სპეციალურ ქსელში გაშვებული კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რთული მათემატიკური ალგორითმების ამოხსნას გულისხმობს. ქსელი ვირტუალური ვალუტით შესრულებული ტრანზაქციების პროცესინგისთვის გამოიყენება და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
–რა პლიუსი აქვს ბიტკოინების გამოყენებას და რითია ის მომხმარებლისთვისხელსაყრელი?
-ბიტკოინების პლიუსებია:
- ხელმისაწვდომობა: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ბიტკოინსაფულე, აწარმოოს გადარიცხვები და ა.შ.
- ანონიმურობა: რადგან ბიტკოინების ქსელი დეცენტრალიზებულია, ყველაფერი ანონიმურად ხდება.
- არსებული ფულის ალტერნატივა: უკვე არსებობს ბევრი ადგილი როგორც ინტერნეტში, ისე რეალურ სამყაროში, სადაც ბიტკოინს იღებენ.
- არ იბეგრება: ბიტკოინებით გადახდისას არ გიწევს, გადაიხადო გადასახადები, რადგან გადახდის ეს ტიპი ვერ კონტროლდება სახელმწიფოსაგან და ძნელია მისი დაბეგვრა. თუმცა, ბოლო ხანებში სახელმწიფოების მხრიდან, ამ მიმართულებით, სერიოზული მცდელობები შეიმჩნევა.
- საერთაშორისო ვალუტა: ბიტკოინი, რეალურად, საერთაშორისო ვალუტაა, ანუ იგი ყველა ქვეყანაში ერთნაირია. ეს ძალიან მოსახერხებელია, არ გიწევს ფიქრი ვალუტის გადაცვლაზე, კურსზე და ა.შ.
- კონტროლის არარსებობა: ბიტკოინებს ვერავინ აკონტროლებს. პოლიტიკურად მასზე ზემოქმედება თითქმის შეუძლებელია.
- საიმედოობა: პრაქტიკულად, შეუძლებელია ბიტკოინების გაყალბება.
–რა სისუსტეებს და საფრთხეებს შეიცავს ბიტკოინების გამოყენება?
-ბიტკოინებს გააჩნია რამდენიმე მინუსი:
- დიდი რისკი: ეს ვირტუალური ვალუტა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გარდა, არაფრით არის გამყარებული. თუ მასზე მოთხოვნა დაეცემა, მისი კურსიც დაეცემა.
- უსაფრთხოება: არ გააჩნია სათანადო დაცვა მოპარვისგან, დაკარგვისგან და ა.შ. თუ თქვენს ვირტუალურ საფულეზე წვდომას დაკარგავთ, მისი აღდგენის მექანიზმი არ არსებობს. ასევე, ძალიან საშიშია ვირუსები, რომლებიც სპეციალურად ბიტკოინსაფულის მოპარვისთვისაა შექმნილი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვალუტა, ჯერჯერობით, არაოფიციალურია, არსებობს იმის შანსიც, რომ ბიტკოინის გადამცვლელმა რომელიმე სერვისმა მოგატყუოთ.
- არალეგალურობა: კონტროლის არარსებობის გამო, მისი გამოყენება მარტივად შეუძლიათ ტერორისტებს და სხვა ბოროტმოქმედებს. ამიტომ არსებობს იმის რისკი, რომ რომელიმე ქვეყანამ მისი აკრძალვა გადაწყვიტოს.
- ღირებულების ძლიერი ცვალებადობა: კურსის ხშირი ცვლა ბევრს აშინებს და ბიტკოინების შეძენაზე უარს ათქმევინებს. მაგალითად, დღეს, შეიძლება, 1 BTC 1000$ ღირდეს, ერთი კვირის შემდეგ – 800$, კიდევ ერთი კვირის შემდეგ – 1200$ და ა.შ. დროთა განმავლობაში ბიტკოინების ბრუნვა ბაზარზე გაიზრდება, რაც მის კურსს უფრო დაასტაბილურებს.
–ვინ არეგულირებს ბიტკოინების ბაზარს?
-ბიტკოინების ბაზარს მხოლოდ მოთხოვნის არსებობა არეგულირებს.
–რაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის ბიტკოინი იარსებებს ამა თუ იმ ქვეყანაში?
-ქვეყნის განვითარებულობასა და სახელმწიფოს კრიპტოვალუტისადმი დამოკიდებულებაზე.
–თუ მომხმარებელს ბიტკოინები დაეკარგა, როგორ უნდა მოიქცეს? ვინააპასუხისმგებელი?
-როგორც აღვნიშნეთ. მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარი ბიტკოინების უსაფრთხოებაზე. სისტემის დეცენტრალურობიდან გამომდინარე, ბიტკოინების დასაბრუნებლად არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
–ქართველ მომხმარებელს ბიტკოინით სარგებლობა სად და როგორ შეუძლია?
-ლოკალური ბიტკოინსაფულის შექმნა შეიძლება როგორც კომპიუტერზე, ასევე სმარტფონში, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერით. ეს ყველაზე უსაფრთხო გზაა. პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერა შესაძლებელია ბიტკოინის ოფიციალური საიტიდან bitcoin.org. ასევე, არსებობს უამრავი ონლაინ სერვისი ბიტკოინსაფულის შესაქმნელად, მათ შორის, ყველაზე პოპულარულებია: coinbase.com, bitgo.com, greenaddress.it და ა.შ. საქართველოში ბიტკოინსაფულის შექმნის შესაძლებლობა გააჩნია emoney.ge-ს. აქვე შეგიძლიათ ბიტკოინის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაც.
–როგორი მიდგომაა საქართველოში ბიტკოინების რეგულირების თვალსაზრისით?
-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ბიტკოინების არანაირი რეგულირება არ ხდება.
–როგორია ბიტკოინის კურსი ლართან მიმართებით? რამდენად განსხვავდება ეს კურსი ბიტკოინის კურსისგან დოლართან მიმართებაში?
-დღეს 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1900-2000 ლარია, რაც დიდად არ განსხვავდება ბიტკოინის კურსისგან დოლართან მიმართებაში (765$).
–რამდენად მოქმედებს ბიტკოინზე ეკონომიკური რყევები და მსოფლიო ეკონომიკურიპროცესები?
-როგორც ხანმოკლე ისტორია გვაჩვენებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ბიტკოინზე დიდი გავლენა აქვს. როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი ბობოქრობს, ბიტკოინზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასიც იზრდება.
ზოგადად, ბიტკოინების კურსზე გავლენას ახდენს:
- ჰაკერული თავდასხმები ბირჟებზე, კომპანიებზე რომლებიც ბიტკოინებს აწარმოებენ და ა.შ. ჰაკერები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გაყიდონ დიდი რაოდენობით მოპოვებული ბიტკოინი და შესაბამისად, დაბალ ფასს ადებენ, რაც ბიტკოინის კურსის ვარდნას იწვევს.
- დროდადრო, კრიპტოვალუტაზე მომუშავე საფონდო ბირჟები კოტრდება, რაც ზოგიერთ მომხმარებელს კრიპტოვალუტის მიმართ ნდობას უკარგავს და ცდილობენ, მოიშორონ ბიტკოინები ნებისმიერ ფასად. რაც, ასევე, ბიტკოინების კურსის ვარდნას იწვევს.
- კურსის ზრდას ბიტკოინის საბაზრო შეთავაზების კლება და მაინინგისას მოპოვებული ბიტკოინების შემცირება იწვევს, რაც თავად ციფრული ვალუტის ალგორითმშია ჩადებული.
- ბიტკოინის კურსის ზრდას ხელს, ასევე, უწყობს მისი პოპულარიზაცია სავაჭრო სფეროში, როგორც გადახდის სწრაფი და დეცენტრალიზებული ფორმა.
–არსებობს თუ არა ბიტკოინების „შავი ბაზარი“ და, კონკრეტულად, რას გულისხმობს ის?
-თუ გულისხმობთ ვალუტის შავ ბაზარს ბიტკოინებისთვის, ამაზე არაფერი მსმენია. სამაგიეროდ, სხვა შავ ბაზრებზე (რომლებიც ეგრეთწოდებულ Dark Web-ში ძალიან ბევრია) აქტიურად გამოიყენება კრიპტოვალუტა, როგორც ანგარიშსწორების ერთადერთი საშუალება.
-თავად რამდენად ხშირად იყენებთ ბიტკოინებს?
-ვიყენებ, მაგრამ იშვიათად. მე თავად არ ვარ ბიტკოინების მაინინგით დაკავებული, არც რაიმე ონლაინ ვაჭრობას ვეწევი და შესაბამისად, ბიტკოინებიც არ მაქვს. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, თუნდაც იმავე PayPal-იდან გადავიხადო ნაღდი ფული, ვიდრე ბიტკოინები.
წყარო: http://cyber.kvira.ge/