სამართალდამცველებმა ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, დაამზადა ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად მიუთითა მის მიერვე უკვე დამზადებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში არაერთხელ დაფიქსირებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აუქციონის საშუალებით შეძენილი ხე-მასალის შტრიხკოდები და დოკუმენტების ნომრები. დაკავებულმა, ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, ადიგენის რაიონიდან ქალაქ თბილისში, არაერთხელ მოახდინა უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირება და რეალიზაცია, ხოლო შემდგომ სისტემატურად აუქმებდა მის მიერვე დამზადებულ ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა, არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება ადიგენიდან ქალაქ თბილისში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.