“ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, გამოძიებას მადნის უკანონოდ მოპოვებაში ჩართული ათობით სხვა კომპანია დაუსახელოს

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და მზად არის მადნის უკანონოდ მოპოვებაში ჩართული ათობით სხვა კომპანია დაასახელოს, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზაქარია ზალიკაშვილმა განუცხადა.
ზალიკაშვილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მადნის უკანონოდ მომპოვებელ სხვა კომპანიებს არ ასახელებს.
26755b0483f2b82„ასეთი ათეულობით კომპანიაა, რომელიც მადანს ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მოიპოვებს. გამოძიება მიმდინარეობს და ულიცენზიო სხვა კომპანიები გამოვლინდება. მადნის უკანონოდ მოპოვების შედეგად სახელმწიფოს დაახლოებით რა ზარალი მიადგა, მე ვერ დავასახელებ, ამას გამოძიება დაადგენს“, – ამბობს ზალიკაშვილი.
„ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იმ სქემის შესახებ საუბრობს, თუ როგორ ხდებოდა ჭიათურაში მადნის უკანონო მოპოვება.
„ჯორჯიან მანგანეზს“ სახელმწიფოსგან გააჩნია ექსკლუზიური ლიცენზია, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოსთან შეთანხმებით ჩვენ გვაქვს წვრილ მომპოვებლებზე ლიცენზიის გაცემის და მათი საქმიანობის კონტროლის უფლება. ამისთვის დადგენილია კონკრეტული საზღვრები, სადაც სხვა კერძო მომპოვებლებს ჩვენს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე შეუძლიათ მადნის მოპოვება. სამწუხაროდ, არიან მთელი რიგი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან არ ფლობენ ნებართვას. დღეს, დაკავებული სამი კომპანიიდან, არცერთს ჩვენგან ლიცენზია არ ჰქონდა. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და კონკრეტულ ტერიტორიაზე მადნის მოპოვებას ეწეოდნენ. მათი მხრიდან, ეს იყო მადნის უკანონო მოპოვება და შესაბამისად, ხდებოდა ულიცენზიო საქმიანობის წარმოება.
მათ, ვინც ჩვენგან ფლობს ლიცენზიას, ღია კარიერული მოპოვების შემთხვევაში ეკისრებათ ვალდებულება, ჩაატარონ რეკულტივაცია, ანუ იმ ღრმულების აღგენა და კონსერვაცია, რომელიც ჩნდება მადნის მოპოვების პროცესში“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ზაქარია ზალიკაშვილმა.
15319598_1154693877912944_994790991_nამასთანავე, ზალიკაშვილი იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზეც საუბრობს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მადნის უკანონოდ მოპოვების შედეგად აწუხებს.
„ხშირ შემთხვევაში, დამტაცებელი ჯგუფის მიერ რჩება დათხრილი და ორმოებად დატოვებული კარიერები, რაც მოსახლეობას აწუხებს და პრობლემად რჩება. ჩვენი ლიცენზიანტი კომპანიები ამ ვალდებულებას ასრულებენ, მაგრამ ულიცენზიოდ მოქმედი კომპანიები ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლები არიან და მოქმედებენ კონტროლის გარეშე“, – აცხადებს ზალიკაშვილი.
დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა.
untitled“გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს „მანგანუმ სერვისის“, შპს „მარსის“ და შპს „მარსი 2014“-ის სახელით, ჭიათურის რაიონში ახორციელებდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას. ბრალდებულებმა, აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც დაკავებულთა მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით. საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
დღესვე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება გაავრცელა.
„უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა ათეულობით კერძო კომპანია, რომელიც თვითნებურად ახდენს ჭიათურაში მადნის უკანონო მოპოვებას და რეალიზებას. აღნიშნული უკანონო მოქმედება ეწინააღმდეგება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ექსკლუზიურად მინიჭებულ ლიცენზიურ საქმიანობას, ასევე წარმოადგენს გადასახდების დამალვის საფრთხეს და მნიშვნელოვნად ზრდის გარემოზე მავნე ზემოქმედებას. როგორც ცნობილია, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ექსკლუზიურად ფლობს მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას, რაც მოიცავს მთელ რიგ ვალდებულებათა ნუსხას სახელმწიფოს მიმართ. ლიცენზიის ფარგლებში მკაცრადაა განსაზღვრული მადნის მოპოვების კონკრეტული არეალი და წლიური მოცულობები. ასევე ღია კარიერების აღდგენითი გეგმა.
დანაშაულებრივად მოქმედი ათობით კომპანია ბოლო პერიოდი, აქტიურად, დიდი მოცულობებით ახდენენ ლიცენზიით დათქმული ტერიტორიების მიღმა მადნის მოპოვებას და შესაბამისად აღურიცხავი პროდუქციით ცდილობენ გადასახადების დამალვას. ამავე დროს უპასუხისმგებლოდ ტოვებენ გადახსნილი ღია კარიერების რეკულტივირების პროცესს, რითაც მეტად საშიშ მდგომარეობას უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან პრობლემის აღმოფხვრაში და მადნის მოპოვებითი სამუშაოების კანონიერ ფარგლებში მოქცევაში“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები