ფედერიკა მოგერინი: პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირსა და საქართველოში თანაბრად შეინიშნება

განსაკუთრებით სასიამოვნოა ის გარემოება, რომ ეს ვიზიტი პირველია თქვენთვის მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარდა არჩევნები და თქვენ მოახდინეთ მთავრობის ფორმირება – ასე მიმართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ფედერიკა მოგერინიმ და გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მხარეებმა სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.
“განსაკუთრებით სასიამოვნოა ის გარემოება, რომ ეს ვიზიტი პირველია თქვენთვის მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარდა არჩევნები და თქვენ მოახდინეთ მთავრობის ფორმირება. ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ ეს სიმბოლური და მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე ჟესტი – კერძოდ ის ფაქტი, რომ მთავრობის ფორმირების შემდეგ სწორედ ბრიუსელი შეირჩა თქვენი პირველი ვიზიტის ადგილად, ნამდვილად მიუთითებს თქვენს დამოკიდებულებაზე და მერწმუნეთ, ჩვენც ვიზიარებთ ამ სერიოზულ დამოკიდებულებასა და თავდადებას ჩვენი პარტნიორობის, მეგობრობისა და ერთობლივი სამუშაოს მიმართ. ჩვენი ურთიერთობა ძლიერია, ხოლო პარტნიორობა – შესანიშნავი. ასოცირების საბჭოს შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ასოცირების შესახებ შეთანხმების კუთხით მიღწეული პროგრესი. სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ივლისში ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ჩვენ განვიხილეთ უზარმაზარი პროგრესი, რომელიც ამ თვალსაზრისით მიღწეულ იქნა პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროებსა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ნათელია, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთიან ღირებულებებს, გვამოძრავებს ერთიანი დღის წესრიგი და ინტერესები, ისევე, როგორც ვალდებულებები, რომელთა მიზანი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაა მომავალში. ორივე მხარე ერთნაირადაა მოწადინებული, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას,” – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
“შეხვედრისას განვიხილეთ, თუმცა საჯაროდაც უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული. პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირსა და საქართველოში თანაბრად შეინიშნება. ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა ევროკავშირის მოსახლეობისა და ქართველი ხალხისათვის. მინდა მივულოცო ჩვენ ყველას ეს მიღწევა – ეს მხოლოდ დასაწყისია – დროთა განმავლობაში ჩვენი ხალხისა და ბიზნესისათვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის შემდეგ შესაძლებლობას, რათა ეს პროგრესი კიდევ უფრო წინ წავიდეს. დიდი მადლობა ასოცირების საბჭოს შესანიშნავი შეხვედრისათვის და მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობის შემდეგ შესაძლებლობას,” – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტის მოგვარების მიზნისადმი. მისი თქმით, ევროკავშირმა მოიწვია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ საკითხებზე ყოველდღიურად მუშაობს, ასევე ჩართულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები