„ლევილის ქართული მამულის ისტორია“ – საჯარო ლექცია გაიმართება

1 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს ფრანგული კულტურის და ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაცია – „გაუმარჯოს საქართველოს“ პრეზიდენტის, ტიერი ბერიშვილის საჯარო ლექციას სახელწოდებით – „ლევილის ქართული მამულის ისტორია“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია შეეხება 1922 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ, საფრანგეთში, პარიზთან ახლოს ლევილის მამულის შესყიდვას, ლევილის მამულში ქართველთა პოლიტიკური და კულტურული ემიგრაციის ცენტრის შექმნას. ქართველი ემიგრანტების ლევილის მამულში მოღვაწეობასა და მამულის 94-წლიან ისტორიას. ლექციის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა ლევილის ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების 24-წლიან ისტორიას.
ტიერი ბერიშვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელია. ტიერი ბერიშვილის მამა, მამია ბერიშვილი ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს მდივანი და თავმჯდომარე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის წევრი და თავმჯდომარე, ლევილის მამულის მმართველი ასოციაცია „ქართული კერის“ პრეზიდენტი.
ტიერი ბერიშვილი არის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უკანასკნელი წევრი. 1987 წელს ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად დააარსა ფრანგული კულტურის და ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაცია – „გაუმარჯოს საქართველოს“. 1994 წლიდან ჩართულია ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და სხვადასხვა ფორმატში წარმოადგენდა მამულის ერთ-ერთი მეპატრონის, სამსონ ფირცხალავას ოჯახს. 2016 წლის 23 სექტემბერს მამულის მეპატრონე სხვა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოაწერა მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროტოკოლს. ტიერი ბერიშვილმა რამდენიმე ნაშრომი გამოსცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ამჟამად თსუ-ს ბიბლიოთეკასთან ერთად მუშაობს ახალი წიგნის გამოცემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები