„საუბრები ესმა ონიანზე“ – იმპროვიზებული წარმოდგენა გაიმართება

30 ნოემბერს, 20:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“  იმპროვიზებული წარმოდგენა „საუბრები ესმა ონიანზე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის რუსთაველის თეატრის მსახიობის ნინო კასრაძის წარმოდგენა.
მხატვარი და პოეტი ესმა ონიანი დაიბადა  1938 წელს.  1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. სადიპლომო ნამუშევარმა – უფროსკლასელები (ჯგუფური პორტრეტი)  მიიღო უმაღლესი შეფასება  და გამოფენილი იყო  მოსკოვში.
1966-1967 წლებში  მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე. იგი მრავალი გამოფენის მონაწილეა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
1966 წლიდან პერიოდულად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში მისი ლექსები, წერილები. გამოსცა წიგნები:  „ლექსები“ (1978), „ჩუმად დაქრიან ფრინველები“ (1982), „თეთრი სტუმრები“ (1986), „რა არ მავიწყებს“ (1998), „100 ლექსი“ (2010), „ძველი რვეულებიდან. ჩანაწერები“  (2011), „ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!“ (2015).
შექმნილი აქვს არაერთი ილუსტრაცია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის საბავშვო წიგნისათვის „ზარმაცი თაგუნიას ამბავი“.
1982 წელს წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს მისი ტილო „დავით კაკაბაძის პორტრეტი“. 2000 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები