„კინო სკოლაში“ –  2016 წლის სეზონი ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურა

სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი” პროექტის „კინო სკოლაში” დასკვნით ღონისძიებას მასპინძლობდა. პროექტის 2016 წლის სეზონი ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?” დაიხურა. ასევე, გაიმართა პირველი ქართული 3D ანიმაციის „ჯინო” სატესტო ჩვენება.
ღონისძიებას კინოსკოლელებთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?” წევრები დაესწრნენ.
როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს, “კინო სკოლაში” კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 2016 წლის სეზონის ფარგლებში კინოსკოლელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ტრადიციულად ესწრებოდნენ კინოჩვენებებს, მართავდნენ დისკუსიებს და იღებდნენ მოკლემეტრაჟიან სასწავლო ფილმებს.
რაც წლევანდელ სეზონს პროექტის სხვა სეზონებისგან გამოარჩევს, ინტელექტუალური თამაშია. ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?” წევრებმა სპეციალურად პროექტისთვის „კინო სკოლაში” კითხვები კინოს თემატიკიდან შეადგინეს, მოეწყო შესარჩევი ტურები, გამარჯვებული გუნდები კი ერთმანეთს სწორედ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეეჯიბრნენ. ფინალურ შეხვედრას სულ 500 კინოსკოლელი დაესწრო 80-ზე მეტი გუნდიდან.
„კინო სკოლაში” ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლას მოიცავდა. ამჟამად კი პროექტში 168 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები