საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

საქართველოს პროკურატურისთვის აქტუალური იყო დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 2016 წელს.
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ წლის დასაწყისში, პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.
“რეკომენდაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის დასაბუთების პრაქტიკას, რის შედეგადაც, 2016 წლის ივნისიდან სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა დადასტურდა 8 სისხლის სამართლის საქმეზე (4 შემთხვევაში – სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 1 შემთხვევაში – გენდერული იდენტობის ნიშნით, 3 შემთხვევაში – რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით). ამ ეტაპზე, 7 პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს, დამამძიმებელ გარემოებად იქნა გათვალისწინებული. პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ჩატარდა ტრენინგები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების თემაზე. სასწავლო კურსს ატარებდნენ ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლები და ქართველი ექსპერტები. პროექტი სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა”, – ნათქვამია პროკურატურის ანგარიშში.
2016 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს შორის სამი წლის ვადით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერით საქართველოს პროკურატურაში 2017 წლიდან განხორციელდება ე.წ. “PAHCT”-ის (სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგი) პროგრამა.
აღნიშნული პროგრამის დანერგვით პროკურატურის მუშაკები აიმაღლებენ კვალიფიკაციას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების კუთხით. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე გადაგზავნილია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში მათ მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ შესწავლისა და განხილვის მიზნით. მიღებული შენიშვნების შესაბამისად, მოხდება რეკომენდაციის საბოლოო ვერსიის დანერგვა საქართველოს პროკურატურის სისტემაში. წლის დასაწყისში, დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების თემაზე შემუშავებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა პირველი პილოტური ტრენინგი, რომელიც პროკურატურის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოებიდან 28 მონაწილემ გაიარა. გადამზადებას ეტაპობრივად პროკურატურის ყველა გამომძიებელი და პროკურორი გაივლის. ამავე თემაზე ტრენინგი გაიარა პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების საშუალო რგოლის ყველა მენეჯერმაც.
2016 წელს, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული HELP-ის პლატფორმის გამოყენებით, საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა პირველი დისტანციური სასწავლო კურსი დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე. ოთხთვიანი კურსი 2016 წლის ოქტომბერში წარმატებით დაასრულა 20-მა პროკურორმა. პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის პრაქტიკა გაუმჯობესდა. კერძოდ, 2016 წელს დისკრიმინაციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე (სსკ-ის 1421 მუხლით – რასობრივი დისკრიმინაცია) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 14 პირის მიმართ. ამ ეტაპზე, მათ მიმართ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. გაუმჯობესდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზესისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. 2013 წლიდან 2016 წლის 9 თვის ჩათვლით რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 24 პირის მიმართ. კერძოდ, 2013 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით – აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო დევნა – 1 პირის მიმართ, ხოლო სსკ-ის 125-ე მუხლით – ცემა – 2 პირის მიმართ). 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით – აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო დევნა – 3 პირის მიმართ, სსკ-ის 155-ე მუხლით – რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა – 1 პირის მიმართ)“, -ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები