ვასილ მაღლაფერიძე: ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებზე თქვა, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაუფუჭებელი​

თბილისის საქალაქო სასამართლოში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.
იმ პერიოდში ვასილ მაღლაფერიძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო. მაღლაფერიძემ სასამართლო პროცესზე დეტალურად გაიხსენა ის გეგმა, რომლის განხორციელებაც 7 ნოემბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა. მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა სპეცნაზელებს კონკრეტული დავალებები მისცეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლისას, კარებთან დამხვდნენ ზაზა გოროზია და დავით კირკიტაძე. ავედით, შევედით მერაბიშვილის კაბინეტში, იქ იყვნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, დათა ახალაია, გიგი უგულავა, აგრეთვე, რეგიონების გუბერნატორებიც, ასევე იყო ვინმე ამირანი, სავარაუდოდ მესხელი. უგულავამ შემდეგ დატოვა ოთახი.
თათბირზე ძირითადად საუბრობდა ვანო მერაბიშვილი, რეპლიკები ისმოდა ადეიშვილისგან და კეზერაშვილისგან. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს ოპოზიცია ძალიან გაბლატავდა და რაც მოვიპოვეთ, უნდათ, 2-3 დღეში მიიღონო. მერაბიშვილმა თქვა, რომ კუდ-ს აქვს უკვე დავალებები მიცემული, არც ერთი არ უნდა გავუშვათ გაულახავი, რადგან გალახული კაცი არის ჩმორიო”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იყვნენ ასევე აკაკი ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე და ზურაბ მელიქიშვილი. ასევე, მოწმის ჩვენებით, თათბირის დროს ითქვა კეზერაშვილზე, რომ მიხედავდა ბიზნესმენებს, ხოლო სამართლებრივ საკითხებზე ნახსენები იყო გენერალურ პროკურორ ადეიშვილის გვარი.
„შეხვედრაზე ადეიშვილმა თქვა, რომ საკუთარ პოზიციას ბოლოს დააფიქსირებდა. მერაბიშვილმა თათბირის მონაწილეებს მიმართა, რომ თქვენ გყავთ ახლობლები, სპორტსმენები, მომღერლები, ზოგი დააშინეთ, ზოგი მოისყიდეთო. ისე უნდა იყოს, რომ ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს გაუფუჭებელიო, – ეს იყო საუბარი მომიტინგეებზე“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე ჩვენების მიხედვით, ამ თათბირის მიზანი იყო, რომ გუბერნატორებს, როგორც პოლიტიკურ ფიგურებს, რეაქცია არ უნდა ჰქონოდათ.
„მეორე დღეს, 5 ნოემბერს შევხვდი ჩემს მოადგილეს შადიმან შამანაძეს და მოვუყევი, რომ ცუდი რამის გაკეთებას აპირებდნენ. საღამოს დავუთქვი შეხვედრა სახალხო დამცველს სოზარ სუბარს. შევხვდი და ვუთხარი, რომ ასეთი საშინელი მდგომარეობაათქო“,-აღნიშნა მაღლაფერიძემ ჩვენების მიცემისას.
ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მან მიმართა იმ ერთადერთ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც იმ პერიოდში ფუნქციონირებდა. გარდა სახალხო დამცველისა ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ აცნობა ჟურნალისტებსაც. ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მაშინდელი პრეზიდენტისთვის რაიმე მოსაზრების თქმას იმ პერიოდში აზრი აღარ ჰქონდა.
როგორც მან განმარტა, სახალხო დამცველი ამ საკითხზე ესაუბრებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარლამენტში ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ თათბირის შესახებ დაწერა კიდევაც და ეს არსებობდა წერილობითი სახითაც კომპიუტერში.
ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა 2007 წლის ბოლოს დატოვა. მისი განცხადებით, 2008 წლის დასაწყისში მან არაერთხელ მიიღო მიხეილ სააკაშვილისგან შეთავაზება, რომ მათ გუნდში დარჩენილიყო და საპარლამენტო სიაშიც იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო უარი განაცხადა.
მაღლაფერიძის გარდა, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ 7 ნოემბრის აქციის დროს დაზარალებულები, რომლებმაც სასამართლოზე განაცხადეს, რომ ესროლეს რეზინის და გაზის ტყვიები, ასევე შეუზღუდეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები