ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ გვინდა სკოლა, რომელიც იმისთვის ამზადებს ბავშვს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება

„როდესაც კომაროვი ოქროს მედალზე დავამთავრე და გარეთ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ შენს უნარებზე კი არ არის აგებული ცხოვრება, სხვა ადამიანების გვერდით დგომაზე“ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სადაც განათლების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე საუბრობს.
მინისტრი მიიჩნევს, რომ სკოლის მთავარი ფუნქცია მხოლოდ სწავლა არ არის. მისი თქმით, საჯარო სკოლამ ბავშვი ისე უნდა მოამზადოს, რაც მოზარდს ცხოვრებაში დასჭირდება.
“ბავშვმა თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობლებს, რა არის ამაში მოსაწონი?! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ სკოლაში მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას ვერ ისწავლის. ჩემს დროს სკოლაში ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფილიყავი, ჯგუფური მუშაობა არ შეიძლებოდა, რადგან კარნახად და მაიმუნობად ითვლებოდა.
როდესაც კომაროვი ოქროს მედალზე დავამთავრე და გარეთ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ შენს უნარებზე კი არ არის აგებული ცხოვრება, სხვა ადამიანების გვერდით დგომაზე. ჩვენ გვინდა ისეთი სკოლა, რომელიც იმისთვის ამზადებს ბავშვს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება. დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა. 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია”, – აცხადებს განათლების მინისტრი.
ჯეჯელავას მიაჩნია, რომ უპირატესობა კრიტიკულ აზროვნებას უნდა მიენიჭოს და არა მათემატიკური ფორმულების, მოლური მასებისა და ისტორიული თარიღების დაზეპირებას. მინისტრის განმარტებით, მისი სურვილია, ტაბუირებული თემები არ არსებობდეს და საზოგადოებამ ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად იმსჯელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები