დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი -საშინაო ვალი არის გასაზრდელი

“საშინაო ვალი არის გასაზრდელი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, ქვეყნის საგარეო ვალი 39 პროცენტს შეადგენს.
”ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ვალთან მიმართებაში. დღეს ჩვენი მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 41.2 %. აქაც უნდა აღვნიშნო, რომ საგარეო ვალი წარმოადგენს 39 %-ს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სტრუქტურა, რომელიც დღეს სახელმწიფოში გაგვაჩნია – 78% არის საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი არის 22%. საგარეო ვალთან მიმართებაში მრავალმხრივი არის 55%, ორმხრივი არის 13%, ხოლო ევრობონდები არის 9%. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს 2.1%-ს და დაფარვის ხანგრძლივობა, დღეიდან მოყოლებული, არის 10 წელიწადზე მეტი. საშინაო ვალი არის გასაზრდელი.
ამას ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ, როდესაც სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალს. ყოველთვის უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი პროპორცია, ერთი მხრივ, ვალუტის რეზერვების შევსების მიმართულებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ვალუტის რისკების მინიმიზაციის მიმართულებით, როდესაც საშინაო ვალებზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებს რეიტინგი არ შეუმცირებიათ.
ქუმსიშვილის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები