ვინ არის 14 წლის ქართველი პიანისტი, რომლის აკომპანიმენტსაც რუსული ესტრადის ვარსკვლავები მასშტაბურ კონცერტებზე ითხოვენ

„საქართველოში წელს პირველად ვიყავი, ჩემი ემოცია ის იყო, რომ უკან დაბრუნება აღარ მინდოდა. ვნატრობ იმ დღეს, როცა საერთაშორისო კონკურსებზე საქართველოს სახელით გამოვალ“, – ამბობს „კვირასთან“ მოსკოვში მცხოვრები 14 წლის ქართველი პიანისტი იოანა მანაგაძე, რომელიც, მიუხედავად თავისი ასაკისა, უკვე უამრავი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელია.15228000_1070733026379305_1264250503_n
იოანა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გრანპრის მფლობელია, მათ შორის არის „რუზის“, პრაღისა და არტობოლევსკაიას სახელობის საერთაშორისო კონკურსებიც. პატარა პიანისტი მოსკოვის შოპენის სამუსიკო სასწავლებელს ამთავრებს. ის, როგორც საუკეთესო მოსწავლე, სპეციალური სტიპენდიითაც დაჯილდოვდა, რომელსაც სოციალურად დაუცველი მისი თანატოლების დახმარების ფონდში რიცხავს.
იოანამ დაკვრა სამი წლის ასაკიდან დაიწყო, 7 წლის იყო, როდესაც პირველად მოსკოვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა. რუსული ესტრადის ვარსკვლავმა, დიმიტრი მალიკოვმა ერთ-ერთ გრანდიოზულ კონცერტზე სურვილი გამოთქვა, რომ მისთვის აკომპანიმენტი იოანა მანაგაძეს გაეწია, როგორც ერთ-ერთ ნიჭიერ მოსწავლეს.
„დიმიტრი მალიკოვმა თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, რომ ბავშვს დაეკრა მის კონცერტზე. მსგავსი შეთავაზებები უამრავი ყოფილა, მიუხედავად მოსკოვში წარმატებული კარიერის დასაწყისისა, მისი სამომავლო გეგმები მხოლოდ საქართველოს უკავშირდება. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მისი ოცნებაა ყველა საერთაშორისო კონცერტზე თუ კონკურსზე საქართველოს სახლით გამოვიდეს“, – ამბობს „კვირასთან“ იოანა მანაგაძის მამა – ჯონი მანაგაძე.
იოანა მოსკოვში დაიბადა, ის წელს პირველად იყო საქართველოში და შთაბეჭდილებები საკუთარ ქვეყანაზე იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლო.
„წელს პირველად ვიყავი საქართველოში, რა თქმა უნდა, ინტერნეტით მქონდა საშუალება, რომ ყველაფერი მენახა, თუმცა ჩემი თვალით ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვნახე ყველაფერი, რის ნახვაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში. უკან დაბრუნება აღარ მინდოდა. ჩემი სამომავლო გეგმები, საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია“, – ამბობს იოანა.15175482_1070733019712639_2001420654_n
იოანა სხვადასხვა წლებში გამართული ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების პირველი ადგილის მფლობელია. ამჟამად ის ასტამის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება.
„ასტამის საერთაშორისო ფესტივალი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება, დღემდე მსგავს კონკურსებში, სადაც მიიღო მონაწილეობა, გრანპრი აიღო ყველგან. ამ კონკურში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა პიანისტები. იოანა ძირითადად შოპენის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებს. მას აქვს საკმაოდ კარგი ვოკალური მონაცემებიც და ვფიქრობ, ამ კუთხითაც გამოიჩენს დაინტერესებას“, – ამბობს „კვირასთან“ ჯონი მანაგაძე.
იოანა მანაგაძე სამომავლოდ ავსტრიის კონსერვატორიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა მისი მთავარი სურვილი მაინც საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი პიანისტის სახლით გამოსვლაა.

თამარ ოქრუაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები