ლევან იზორია ირმა ნადირაშვილს: ე.წ. “ნარუშილოვკებთან” დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ ქალაქის პროკურატურაში მოიკითხოთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ირმა ნადირაშვილს „ნარუშილოვკებთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის მისაღებად პროკურატურაში მისვლა ურჩია.
„ე.წ. ნარუშილოვკებთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს და ინფორმაცია შეგიძლიათ ქალაქის პროკურატურაში მოიკითხოთ“, – ასე უპასუხა იზორიამ ირმა ნადირაშვილს.
ამასთან, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოისმინა.
”რამდენიმე თვის წინ, როდესაც ლევან იზორია სუს-ის ანგარიშს წარმოგვიდგენდა, ვკითხე, როგორ გადაწყდა იმ ადამიანის საქმე, რომელმაც მის ძმას მისცა ”ნარუშილოვკა”. მაშინ ბატონმა ლევანმა მიპასუხა, რომ ჩემგან ელოდებოდა ამ შეკითხვას, მოვიდა მომზადებული და რომ ამ ადამიანმა, რომელმაც “ნარუშილოვკა” შეაჩეჩა, პასუხი აგო და ის გაათავისუფლეს. მე შემიძლია მოგიტანოთ თქვენი პასუხი, სადაც თქვით, რომ პასუხი აგო ამ ადამიანმაო.
ამის შემდეგ გავგზავნე შეკითხვა შსს-ში და მოვითხოვე დაკონკრეტება, ვინ აგო პასუხი, რომ დაეძალებინა თქვენი ძმისთვის ევლო ”ნარუშილოვკით”. მივიღე მღებრიშვილის პასუხი, რომ ამ საკითხზე პასუხი არავის არ უგია, იმიტომ, რომ გამოძიება ისევ მიმდინარეობს და ის მიმდინარეობს პროკურატურაში. იქნებ დამიკონკრეტოთ, რომელი იტყუებით და კიდევ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოძიება?”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ლევან იზორიას თქმით, აღნიშნულ საქმეში არც ერთი თანამდებობის პირი ჩარეული არ არის, რაც შეეხება გამოძიებას,იზორიას განცხადებით, ის ჯერ არ არის დასრულებული.
”ზუსტად ამ დარბაზში მე ვთქვი, რომ პიროვნებები დადგენილია და რომ პიროვნებები პროკურატურაში გამოიკითხნენ. შესაბამისად, მე გთხოვეთ თქვენ, რომ მიგემართათ შესაბამისი უწყებისათვის. ამ შემთხვევაში, სასურველია, ქალაქის პროკურატურას მიმართოთ და დამატებითი ინფორმაცია გაიგოთ.
მე ვთქვი, რომ პროცესი მიმდინარეობდა, გამოკითხვა შედგა ქალაქის პროკურატურაში, მათ შორის ჩემი ძმის და იმ პირის, ვინც იდენტიფიცირებულია, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ თანამდებობის პირს, მით უფრო მინისტრის დონეზე, არავითარი ”წვლილი” არ მიგვიძღვის”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები