რას გეგმავს ტრამპი გაპრეზიდენტებიდან პირველი 100 დღის განმავლობაში (ვიდეო)

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. ტრამპი იმაზე საუბრობს, თუ რას მოიმოქმედებს გაპრეზიდენტების პირველი 100 დღის განმავლობაში. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავარი თეზისი იქნება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელიც შეერთებულ შტატებს კვლავ დიდ ქვეყნად გადააქცევს.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან ქვეყნის გამოყვანას შეეცდება.
„ეს შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის პოტენციურ კატასტროფას ნიშნავს. ამის ნაცვლად, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები გაფორმდება, რომელიც წარმოებას და სამუშაო ადგილებს კვლავ ამერიკაში დააბრუნებს”, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ის ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე ყველა შეზღუდვას გააუქმებს. ესეც, მისი თქმით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ტრამპი იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის შემუშავებას დაავალებს. მათ შორის, საუბარია კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე მიგრანტების მხრიდან ყველა სავიზო დარღვევის გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, უკანონო მიგრაცია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც უშლის ხელს.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ტრამპს არაფერი უთქვამს მექსიკის საზღვარზე ღობის ან რაიმე სახის დამცავი ნაგებობის მშენებლობაზე, რასაც ის ადრე აცხადებდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს დღეებში უფრო დეტალურად ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები