გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს

ამერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება, საქართველოს გააჩნია მაღალი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ბრიჯიტ ბრინკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა საქართველოს ხელისუფლებას დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
„ეს არის მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების საქმიანობისადმი მაღალი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დიდი მანდატი და შესაძლებლობები ამ ხელისუფლებისთვის, რათა განახორციელოს ის გეგმები, რაც აქვს დასახული,”–აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრაზე.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში მასტაბილურებელი ძალის როლს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები