„ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა“

„ეროვნული ვალუტის კურსი არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი აწუხებს მთლიანად რეგიონს.
რაც შეეხება ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებს, კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს შემუშავებული კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა ასახული იყო “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ გეგმების განხორციელება.
„ლარის კურსი -ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა, რომელიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, შეეხო ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თქვენ ხედავთ რა მდგომარეობაა ზოგადად რეგიონში და განსაკუთრებული პრობლემები შეინიშნება სწორედ ვალუტის კურსთან მიმართებაში. ეს პრობლემა აწუხებს ჩვენს სამეზობლოს მთლიანად. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, ამ შენიშვნებს, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ. ის იყო წინასაარჩევნო რიტორიკის ნაწილი, რომ თითქოს ეკონომიკა არის გაჩერებული, ერთ ადგილას დგას საქართველო და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია რეგიონულ კონტექსტში განვიხილოთ ის მონაცემები რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და დავრწმუნდებით, რომ ამ მიმართულებით მთავრობის საქმიანობა იყო ეფექტური. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ეს არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას აქვს შემუშავებული კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა ასახული იყო “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში და სწორედ ამ პროგრამის უმთავრესი მიზანი იყო ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.
სწორედ ამ გეგმის მთავარი ნაწილია ოთხ პუნქტიანი გეგმა. საქართველოს პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ გეგმების განხორციელება და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები