მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და სხვა ასპექტები აქ არ არის

„უკრაინაში ხალხი უკვე მეორედ მოტყუვდა, რადგან ორჯერ მოხდა რევოლუცია და მას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყოლია“, – ამ სიტყვებით ახსნა მიზეზი მიხეილ სააკაშვილმა, თუ რატომ დატოვა რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორის თანამდებობა. სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ვარდების რევოლუციის პერიოდი გაიხსენა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შეადარა. კითხვაზე, გეგმავს თუ არა რევოლუციას უკრაინაში, მან თქვა, რომ ამას „გარემოება უჩვენებს“.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი გაბრაზებულია და მისი თანამდებობაზე დარჩენა, უკრაინელი ხალხის მიმართ უპასუხისმგებლობა იქნებოდა. „ჩემთვის ეს არის მეორე სუნთქვა და მეორე ახალგაზრდობა. ძალიან ბევრი რამ ჰგავს იმას, რაც იყო მაშინ, საქართველოში. ეს ხომ თამაში არ არის, მიდის ბრძოლა უკრაინის გადარჩენისთვის. უკრაინაში ხალხი უკვე მეორედ მოტყუვდა, რადგან ორჯერ მოხდა რევოლუცია და მას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყოლია. აქ ძველი პოლიტიკური კლასი შენარჩუნდა, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ უკრაინა არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ჩემთვის ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლებაში დარჩენა სრულიად უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ეს იქნებოდა პირადი კომფორტის ძიებაში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ქართულ არჩევნებთან კი ჩემს გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და სხვა ასპექტები აქ არ არის“, – აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები