სტოლტენბერგი საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა

“რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პროპორციული და სრულად შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს”, – ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი საქართველო-ნატოს ერთობლივ წვრთნასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმება.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეს არის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არხების შენარჩუნების საშუალება.

“რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პროპორციული და სრულად შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ. მივესალმები საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობის განვითარებას და გაძლიერებას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძებნოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ჩვენს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობაზე. ამას ნატო აკეთებს კიდეც.

ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ, ეს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არხების შენარჩუნების საშუალებაა”,- განაცხადა იენს სტოლტენებრგმა ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვის საპასუხოდ.

„საქართველო – ნატოს ერთობლივი წვრთნები რეგიონში სტაბილურობას და მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საქართველო-ნატოს მორიგ სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც წელს უკვე მესამედ ტარდება. მასში 13 ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსივობის მიზანმიმართული ზრდა, რაშიც ნატოს სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურები მონაწილეობენ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნები „ნატო-საქართველო-2016 დაიწყო“, რომელიც 10 დღეს გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები