“ჩვენი კოლეგები საკმაო რესურსს ფლობენ იმისთვის, რომ აღმასრულებელ სისტემაში მათზე მოთხოვნილება იყოს”

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი იმ ადამიანების გამოცდილების რეალიზაციაზე საუბრობს, ვინც წინა მოწვევის პარლამენტარები იყვნენ „ქართული ოცნებიდან“, თუმცა ახალ პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
ვოლსკის განცხადებით, ყოფილი დეპუტატები მათი კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდებიან. გია ვოლსკი თვლის, რომ ყოფილი კოლეგების გამოცდილების რეალიზაცია მათი 4-წლიანი მუშაობის შედეგების გათვალისწინებით მოხდება.
”ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, გამომდინარე საქმიანობის ხარისხიდან, რომელიც შესაძლებელია მათ განახორციელონ ამა თუ იმ სფეროში. საუბარია ამაზე და არა ვალდებულებაზე, რომ გინდა თუ არა, პარლამენტის წევრი, რომელმაც იმსახურა 4 წელი, აუცილებლად სადმე უნდა მუშაობდეს.
არსებობს კანონი დასაქმების შესახებ და შესაბამისი რეგულაციები. ეს არ დაირღვევა. არიან ადამიანები, რომლებმაც გარკვეული პოზიტიური გამოცდილება შეიძინეს და ამ თემაზე თუ კონსულტაციები აქვთ ჩვენს ყოფილ საპარლამენტო კოლეგებს, ამაში გასაკვირი არაფერია. თუ როგორ მოხდება ეს, ჩემთვის ცნობილი არ არის.
ბიძინა ივანიშვილის დაპირების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო: ადამიანებს, რომლებიც ვერ მოძებნიან ადგილს ან არ იქნება მათზე მოთხოვნა აღმასრულებელ სისტემაში, წარმატებით შეუძლიათ ეძებონ ადგილი იმ ბიზნესპროექტებში, რომელსაც იგი პირადად განახორციელებს. ჩვენი კოლეგები საკმაო რესურსს ფლობენ იმისთვის, რომ მოთხოვნილება იყოს მათზე აღმასრულებელ სისტემაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები