ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის უფროსს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის უფროს ლუსია მაკლოჰანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ახალი ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც მუშაობას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს და მისი მიზანი იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის როგორც საგადასახადო ადმინისტრაციის, ძირითადი ფუნქციების გაძლიერება, უწყების საორგანიზაციო სტრუქტურის განვითარება, საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი დახვეწა.
„დონორთა მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს პროექტის მსვლელობის პერიოდში უცხოელი გრძელვადიანი რეზიდენტი ექსპერტის ჩართულობას, რათა მან ადგილზე, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ქართველ კოლეგებს რეფორმების განხორციელებაში, ასევე, დაგეგმილია სსფ-ის სათაო ოფისიდან კონსულტანტების მოწვევა, ადგილობრივი კადრების გადამზადება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემოთავაზებისთვის, ასევე, დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები