მანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების მიზნით მთავრობა ტენდერს აცხადებს

საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგი გამართა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.
ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტით, 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს  მთავრობა მიიღებს.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც  შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საქართველოს მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
ტექნიკური დათვალიერების სისიტემის დანერგვას უნდა მოყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში  სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. ყურადსაღებია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად:

  • მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
  • ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები;
  • დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის  ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას;
  • შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად. ანალოგიურად მოხდება პერიოდული ტესტირების ვადის დადგენაც. ასევე განისაზღვრება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე  მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი.

2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული.

ინსპექტირების ნორმები კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად (2018 წლის 1-ელი იანვრიდან) ამოქმედდება.

„წინასწარი შეფასებებით, აღნიშნული გვაძლევს 30 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი წინასწარი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში 1000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ძირითადი ამოცანაა ბაზარი იყოს აბსოლუტურად გახსნილი და თავისუფალი. „ჩვენ არ ვაპირებთ, ბაზარზე არსებობდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა – შემოვიყვანოთ მხოლოდ ერთი ინვესტორი და მას მივცეთ გარკვეული ტიპის ლიცენზია. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებაზე. ის სახელმწიფოს უნდა დაეხმაროს იმ პროცესების გამართვაში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თავისუფალ და ღია ბაზარზე არსებობდეს ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების შესაძლებლობა ყველანაირი კორუფციული რისკის გამორიცხვის ალბათობით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პერიოდული სავალდებულო ტესტირების ფასი ასევე იქნება მსჯელობის საგანი. „ვფიქრობთ, რომ დადგინდება ზედა მაქსიმალური ზღვარი. ამ საკითხზე გვექნება ღია დისკუსია,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის კონსულტანტი, ვეღარ შემოვა ბაზარზე როგორც ინვესტორი და ვერ ააშენებს მომსახურების ცენტრებს. „ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბრიფინგის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართული მედია საშუალებათა წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები